კრიპტოვალუტის აღრიცხვა
2020 წლის 21 ოქტომბერს PayPal Holdings Inc-მა გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ ადრეული 2021 წლიდან გეგმავს ქსელში არსებულ გადახდის მეთოდებს დაამატოს კრიპტოვალუტით გადახდის მეთოდიც. პარალელურად, საინვესტიციო ფონდები აგრძელებენ კრიპტოვალუტის შესწავლას და იწყებენ მასში მნიშვნელოვანი აქტივების ინვესტირებას.
ეს ყველაფერი უბიძგებს კომპანიებს, ფეხი აუწყონ მიმდინარე პროცესებს და თავადაც გახდნენ კრიპტოვალუტის მფლობელები, რაც წარმოშობს რისკებს მსგავსი აქტივების აღრიცხვასთან დაკავშირებით – ჩნდება კითხვა, თუ ფინანსური აღრიცხვის რომელი საერთაშორისო სტანდარტი ადგენს კრიპტოვალუტის აღრიცხვის წესს.
კრიპტოვალუტის მარტივი, საზოგადოებაში ყველაზე მეტად გავრცელებული განმარტება არის „ციფრული ფული“, შესაბამისად არსებობს ვარაუდი, რომ ის არის ფულის ეკვივალენტი და უნდა აღირიცხოს „ბასს 7 – ფულადი ნაკადების ანგარიშგების“ შესაბამისად, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ მისი ღირებულების შეცვლის რისკი არის მნიშვნელოვანი, იგი ვეღარ აკმაყოფილებს სტანდარტის მე-6 პარაგრაფის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ წარმოადგენს ფულის ეკვივალენტს.
მეორე ვარაუდით, კრიპტოვალუტა არის ფინანსური აქტივი, რომელიც შეფასებული უნდა იქნეს რეალური ღირებულებით, მოგებაში ან ზარალში ასახვით „ფასს 9 – ფინანსური ინსტრუმენტების“ შესაბამისად, თუმცა კრიპტოვალუტა არ შეიძლება მივიჩნიოთ ფინანსურ აქტივად, რადგან ის არ არის სავალო ან წილობრივი ინსტრუმენტი და არ არის კომპანიაში მფლობელობითი ხასიათის მატარებელი.
მესამე ვარაუდით, კრიპტოვალუტა არის არამატერიალური აქტივი და იგი უნდა შეფასდეს „ბასს 38 – არამატერიალური აქტივების“ შესაბამისად. ეს ვარაუდი ყველაზე მეტად დასაბუთებულია – კრიპტოვალუტა აკმაყოფილებს ამ სტანდარტის მე-8 პარაგრაფში დაფიქსირებულ დეფინიციას („არამატერიალური აქტივი არის იდენტიფიცირებადი არაფულადი აქტივი, ფიზიკური ფორმის გარეშე.“), რადგან არის ფიზიკური ფორმის არმქონე აქტივი, ამასთან, აკმაყოფილებს იდენტიფიცირებადობის დეფინიციას ამავე სტანდარტის მე-12 პარაგრაფის მიხედვით და არაფულადი აქტივის ქვე-დეფინიციას „ბასს 21 – უცხოური ვალუტის კურსის ცვლილებებით გამოწვეული შედეგების“ მე-16 პარაგრაფის მიხედვით.
ბასს 38-ის შესაბამისად არამატერიალური აქტივები შეიძლება შეფასდეს თვითღირებულებით, დაგროვილი ამორტიზაციისა და გაუფასურების გამოკლებით ან რეალური ღირებულებით. რეალური ღირებულების დადგენისას, აუცილებელ პირობას წარმოადგენს აქტიური ბაზრის არსებობა, რაც დაცულია კრიპტოვალუტების დიდი ნაწილის შემთხვევაში. ამასთან საგულისხმოა ისიც, რომ კრიპტოვალუტების სასარგებლო მომსახურების ვადა არის განუსაზღვრელი, შესაბამისად, მას არ ერიცხება ამორტიზაციის ხარჯი და მოწმდება გაუფასურებაზე ყოველწლიურად.
კრიპტოვალუტის აღრიცხვა დიდწილად დამოკიდებულია კომპანიის მიერ არჩეულ ბიზნეს მოდელზე. არამატერიალურ აქტივად კლასიფიკაცია, თავდარპირველი შეფასება, შემდგომი შეფასება და გაუფასურებაზე ტესტირება რელევანტურია მაშინ, როდესაც კომპანია ფლობს კრიპტოვალუტას გრძელვადიანი ინვესტიციის მიზნით და არ აპირებს მის გაყიდვას მოკლევადიან პერიოდში.
ხშირია შემთხვევები, როდესაც კრიპტოვალუტით ვაჭრობა მოკლევადიან პერიოდში წარმოადგენს კომპანიის ძირითად საოპერაციო საქმიანობას. ასეთი ბიზნეს მოდელის შემთხვევაში კრიპტოვალუტის აღრიცხვა უნდა მოხდეს „ბასს 2 – მარაგების“ შესაბამისად, რაც გულისხმობს იმას, რომ ის უნდა შეფასდეს თვითღირებულებასა და ნეტო სარეალიზაციო ღირებულებას შორის უმცირესი თანხით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ კომპანია წარმოადგენს ბროკერს, მაშინ გაყიდვის დანახარჯებით შემცირებული რეალური ღირებულებით.
აღრიცხვის ნაწილის პარალელურად, არანაკლებ მნიშვნელოვანია ფინანსურ ანგარიშგებაში კრიპტოვალუტის წარდგენის საკითხები – ამ მიმართულებით საგულისხმოა ორი საკითხი:
1) „ბასს 1 – ფინანსური ანგარიშგების წარდგენის“ მიხედვით ფინანსური ანგარიშგება უნდა მოიცავდეს კომპანიის მენეჯმენტის მიერ გაკეთებულ დაშვებებს აქტივების, ამ შემთხვევაში კრიპტოვალუტის ფლობასთან დაკავშირებით, მათ შორის ბიზნეს მოდელის აღწერას;
2) „ბასს 10 – საანგარიშგებო პერიოდის შემდეგი მოვლენების“ მიხედვით კომპანიამ უნდა გაამჟღავნოს საანგარიშგებო პერიოდის შემდგომ დაფიქსირებული კრიპტოვალუტის რეალური ღირებულების ყველა ის ცვლილება, რომელიც გავლენას მოახდენს მკითხველების მხრიდან ფინანსური ანგარიშგების საფუძველზე მიღებულ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე.