რა უნდა გავითვალისწინოთ ინვენტარიზაციის დაგეგმვისას.
ქართული კომპანიების დიდი ნაწილისათვის საანგარიშგებო პერიოდი ემთხვევა კალენდარულ წელს და სრულდება 31 დეკემბერს. ახლოვდება აღნიშნული თარიღი და შესაბამისად კომპანიებს უწევთ მთელი რიგი პროცედურების ჩატარება. აღნიშნული პროცედურები მოიცავს (თუმცა არ შემოიფარგლება) საანგარიშგებო პერიოდის დახურვას, ფინანსური მდგომარეობით ანგარიშგების მომზადებას, წლის შედეგებისა და ფულადი ნაკადების საბოლოო შეჯერებასა და ანალიზს, დაგეგმილი წლიური ბიუჯეტის შესრულების ანალიზსა და შემდგომი პერიოდის ბიუჯეტირებას, საინფორმაციო სისტემისა და ბუღალტრული ინფორმაციის მომზადებას დასრულებული წლის ფინანსური აუდიტისათვის.
აუდიტორული კომპანია „ინოქსის“ მიერ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ შექმნილი საინფორმაციო პორტალ Reportal.Ge-ზე განთავსებული აუდიტორული დასკვნების ანალიზისას დგინდება, რომ
მოსაზრების მოდიფიცირების შემთხვევაში მოდიფიცირების საფუძველი ძირითადად არის ის, რომ დამოუკიდებელი აუდიტორი ვერ ესწრება კომპანიების მიერ საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს ჩატარებულ სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა ან/და ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის პროცესს აუდიტორად გვიან დანიშვნის გამო, ამავდროულად საკითხის კომპლექსურობიდან გამომდინარე აუდიტორი ვერც ალტერნატიული პროცედურებით რწმუნდება საანგარიშგებო ბოლოს არსებული ნაშთების სისწორეში.
წარმოგიდგენთ რჩევებს, რომელიც გამოგადგებათ სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის პროცესის დაგეგმვასა და აუდიტორთან კომუნიკაციაში. პროცესი პირობითად დავყოთ სამ ნაწილად:
1) ინვენტარიზაციისათვის მომზადება;
2) ინვენტარიზაციის პროცესი;
3) ინვენტარიზაციის შემდგომი პროცედურები.
ნაწილი #1 – ინვენტარიზაციისათვის მომზადება
- აუცილებლად დანიშნეთ დამოუკიდებელი აუდიტორი საანგარიშგებო პერიოდის დასრულებამდე, რათა მასთან ერთად დაგეგმოთ ინვენტარიზაციის პროცესი;
- სწორად შეარჩიეთ ინვენტარიზაციის დღე – დამოუკიდებელ აუდიტორს მოუწევს დამატებითი ალტერნატიული პროცედურების ჩატარება იმ შემთხვევაში, თუ ინვენტარიზაციის თარიღი არ ედრება საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს. აღნიშნული პროცედურები მოიცავს როგორც კომპანიის მიერ დანერგილი სასაქონლო-მატერიალური მარაგების მართვის კონტროლის სისტემის ეფექტურობის შესწავლას, ისე ინვენტარიზაციის თარიღსა და საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შორის მომხდარი ტრანზაქციების დოკუმენტურ ტესტირებას, შესაბამისად, რაც უფრო მცირეა შუალედი, პროცედურების მოცულობა და აუდიტორისა და კომპანიის ფინანსური დეპარტამენტის მიერ ამ პროცედურებზე დახარჯული დრო მცირეა;
- სწორად შეარჩიეთ ინვენტარიზაციის ჯგუფი – სასურველია, რომ ინვენტარიზაციის პროცესი წარიმართოს საწყობის/მაღაზიის გამოცდილი კადრის მიერ. ამასთან, თუ კომპანიის სასაქონლო-მატერიალური მარაგები მოიცავს სხვადასხვა დასახელების პროდუქტს, რომელთა დათვლის პრინციპი განსხვავებულია, სასურველია, რომ პროცესი ინდივიდუალურად წარმართოს სექციის ხელმძღვანელმა;
- შეზღუდეთ სასაქონლო-მატერიალური მარაგების მოძრაობა ინვენტარიზაციის პროცესის მიმდინარეობისას – სასურველია, რომ ინვენტარიზაცია ჩატარდეს სამუშაო საათების შემდგომ, ან ინვენტარიზაციის დღეს საწყობი დროებით დაიკეტოს. ეს თავიდან აგარიდებთ გაუთვალისწინებელ ფაქტებს, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ინვენტარიზაციის პროცესში საქონლის გაყიდვით ან/და გადაადგილებით;
- მოამზადეთ სამუშაო ბაზა – პროგრამულად ინვენტარიზაციის ბაზა უნდა დაგენერირდეს მას შემდეგ, რაც დაიხურება სამუშაო დღე. ამასთან, სასურველია, რომ სამუშაო დოკუმენტი ინვენტარიზაციის პროცესში არ მოიცავდეს ფაქტობრივ რაოდენობებს;
ნაწილი #2 – ინვენტარიზაციის პროცესი
- აირჩიეთ სწორი მიმდევრობა – შესაძლოა სასაქონლო-მატერიალური მარაგების დათვლისას მიმდევრობა ეფუძნებოდეს როგორც საწყობში მარაგების მდებარეობას, ისე მოცულობით ზომასა და დათვლის სირთულეს / სიმარტივეს;
- აუცილებლად მოინიშნეთ ინვენტარიზაციის პროცესში აღმოჩენილი დაზიანებული მარაგები. ამასთან სასურველია, რომ ისინი დაუზიანებელი მოდელებისგან განცალკევებით განთავსდეს;
- მაქსიმალურად დაყავით ინვენტარიზაციის ობიექტები დიდი საზომი ობიექტის მიხედვით – მაგალითად თუ საქონელი მოთავსებულია 1 დიდ ყუთში, რომელიც ასევე შედგება პატარა ყუთებისაგან, მთავარ საზომად აიღეთ დიდი ყუთი, შემდგომში გაუხსენელი ყუთების რაოდენობის დათვლით გაგიმარტივდებათ ინვენტარიზაციის პროცესი;
- ინვენტარიზაციის პროცესში აუდიტორული პროცედურები ორგვარია :
ა) არსებობის დადასტურება;
ბ) სისრულის დადასტურება.
არსებობის დადასტურებისათვის აუდიტორული პროცედურა მოიცავს წინასწარ შერჩეული მარაგების დათვლის პროცესზე თვალყურის დევნებას, ხოლო სისრულის დადასტურების მიზნებისათვის, დამოუკიდებელი აუდიტორი საწყობიდან აარჩევს ისეთ სასაქონლო-მატერიალურ მარაგს, რომელიც არ არის შერჩევაში და გთხოვთ, რომ დაითვალოთ;
ნაწილი #3 – ინვენტარიზაციის შემდგომი პროცედურები
- ყველაზე მნიშნელოვანი პროცედურა არის კომპანიის მიერ დათვლილი სასაქონლო-მატერიალური მარაგების შედარება ბუღალტრულ ბაზასთან; სხვაობების აღმოჩენის შემთხვევაში არსებობს ორი ვარიანტი: ა) ხელახალი გადათვლა; ბ) სხვაობების მიზეზების გამოკვევა;
- იმ შემთხვევაში, თუ სხვაობების მიზეზები ვერ იქნა გამოკვეული ან ხელახალმა გადათვლამ იგივე შედეგი მოგვცა, რაც პირველადმა დათვლამ, დამოუკიდებელი აუდიტორი განსაზღვრას, საჭიროა თუ არა დამატებითი სასაქონლო-მატერიალური მარაგების შერჩევა ინვენტარიზაციისათვის.
- ინვენტაზარიციის საბოლოო საფეხურია ოფიციალური დოკუმენტის შედგენა, რომელიც დაადასტურებს კომპანიის მიერ ერთი მხრივ პროცესის ჩატარებას, ხოლო მეორე მხრივ დამოუკიდებელი აუდიტორის მხრიდან მასზე დასწრებას.
ინვენტარიზაცია უნდა ჩატარდეს საქართველოს მთავრობისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი რეკომენდაციების დაცვით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ამ ნორმების დაცვა, შესაძლოა ინვენტარიზაციის პროცესი ჩატარდეს დისტანციურად დამოუკიდებელ აუდიტორთან შეთანხმებით და მისი დასწრებით.